უკრაინა იწყებს „ყირიმის გუნდის“ შექმნას, რომელიც ნახევარკუნძულზე დეოკუპაციის შემდეგ იმუშავებს

უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა ყირიმში, თამილა ტაშევამ განაცხადა, რომ უკრაინაში დაიწყო საპილოტე პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალის რეკრუტირებას,  რითაც  სახელმწიფო ადმინისტრირებას უზრუნველყოფენ.

მოვუწოდებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან, წავიდნენ ყირიმის ტერიტორიაზე, წარადგინონ თავიანთი კანდიდატურები მოცემულ რეზერვში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყირიმის გუნდის შექმნა, რომელიც იმუშავებს ნახევარკუნძულზე მისი დეოკუპაციის შემდეგ“, - განაცხადა მან ყირიმის პლატფორმის ექსპერტთა ქსელის საერთაშორისო ფორუმზე.

ტაშევას თქმით, დაახლოებით ათასმა ადამიანმა უკვე შეიტანა განაცხადი, 80% კი, ოკუპირებული ყირიმიდან არის.
 
 „ეს ნიშნავს, რომ ყველას სჯერა დეოკუპაციის,“ - აღნიშნა ტაშევამ.

მიმდინარე წლის თებერვალში ტაშევამ განაცხადა, რომ ყირიმის დეოკუპაციის შემდეგ სახელმწიფო ადმინისტრაციის შესაქმნელად, უკრაინას ნახევარკუნძულზე სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების ჩამოყალიბება და დაახლოებით 50 000 პერსონალის დაქირავება მოუწევს. მისი თქმით, ამ პერსონალის უმეტესობა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა დაკომპლექტდეს.
 
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი გასული წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.