2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (შემდგომში სამინისტრო) საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც 2023 წლის ივნისში დასრულდა. ბოლო, გასაუბრების ეტაპი 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა, რომელთაგან 27-მა „სამართლიან არჩევნებს” სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.
„სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, შესწავლილი ფაქტები და გარემოებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გასაუბრების პროცესში დაფიქსირდა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია 27 პირის ინტერესებს სასამართლოში იცავს და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას ითხოვს.
2022 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ჯამში რეგისტრირებული იყო 3205 პირი, რომელთაგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 1366 პირი. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი ორი ეტაპისგან შედგება - წერითი გამოცდა და ზეპირი გასაუბრება. გამოცდაზე გამოცხადებული 1839 ადამიანიდან გასაუბრების ეტაპზე 755 გადავიდა.
2023 წლის 20 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით სამინისტრომ ჩაატარა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი - გასაუბრება. მინისტრის ბრძანებით შექმნილი იყო გასაუბრების 2 კომისია. გასაუბრების დასრულებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს, სამინისტრომ გამოაქვეყნა შედეგები, რომლის მიხედვითაც, 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა.
აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები, ასევე, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება არის დადასტურებული. მათ შორის იყვნენ კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ.
ორგანიზაციის თანახმად, სამინისტროდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების შესწავლის საფუძველზე, იკვეთება ისეთი არსებითი პროცედურული დარღვევები, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე.
2023 წლის 7 და 10 ივლისს საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტის უფლებების დასაცავად „სამართლიანმა არჩევნებმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სარჩელით დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობასა და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვას ითხოვენ.
განათლების სამინისტროს პოზიცია ამ საკითხზე ჯერ არ გაუვრცელებია.