2023 წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა რუსეთიდან დღე-ღამეში 2.13 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო. Financial Times-ი ჩინეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვი პეკინისთვის ნედლეულის უმსხვილეს მიმწოდებლად გადაიქცა, რითიც საუდის არაბეთს გაუსწრო.
ივნისში რუსეთიდან იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო - 2.57 მილიონი ბარელი, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მაისში სხვა რეკორდი აღირიცხა, 2.3 მილიონის მოცულობით. FT-ის თანახმად, რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
გამოცემის ექსპერტები იმპორტის ზრდის მიზეზებს შორის რუსეთის ნედლეულის შედარებით სიიაფეს და ჩინეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტის პოტენციურ ზრდას განიხილავენ მაშინ, როცა ქვეყანა კრიზისის პირობებში იმყოფება.
ჩინეთის ენერგეტიკული კვლევების ოქსფორდელი სპეციალისტი, მიხალ მეიდანი აღნიშნავს, რომ „ეს არის მოკლევადიანი უარი საუდის ნედლეულზე და ჩინელები ძალიან ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას თავიანთ მიმწოდებლებს შორის.“