ევროკავშირის საბჭომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა. სანქციები კრძალავს ირანში კომპონენტების ექსპორტს, რომლებიც ჩვეულებრივ, თავდასხმის დრონებისთვის გამოიყენება. ექვსი ირანელი, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერაში მონაწილეობენ, აქტივების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას დაექვემდებარებიან.
სანქციებს წინ უძღვის უკრაინის განცხადება, რომ დასავლური წარმოების ნაწილები ირანულ დრონებში კვლავ აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ირლანდიის შემთხვევაში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ამ განცხადების შემდეგ, ირლანდიამ გამოძიებაც დაიწყო.
რუსული დრონი, რომელიც 18 ივლისის ღამით ჩამოაგდეს მიკოლაივის თავზე, დასავლეთის ქვეყნების ნაწილებით არის დამზადებული, განაცხადა 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა და ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ეწერა - „დამზადებულია ირლანდიაში.“ ამის გამო მან ახალი სანქციების საჭიროებაზე მიუთითა.
ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ასევე განაცხადა 3 ივნისს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინის მოკავშირეების მიერ წარმოებული თვითმფრინავების ნაწილები აღმოაჩინა.
ევროკავშირმა სანქციების შესახებ განცხადებაში მიუთითა, რომ გმობს „ირანული თვითმფრინავების რუსეთში მიწოდებას და მათ სასიკვდილო განლაგებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომში.“
რუსეთი ირანული წარმოების კამიკაძე-დრონებს უკრაინაზე თავდასხმისთვის სექტემბრიდან იყენებს, ახორციელებს თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ანადგურებს ენერგეტიკულ ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.