პეკინი: ოდესაში ჩინეთის გენერალურ საკონსულოსთან აფეთქება მოხდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ოდესაში 20 ივლისის შეტევის შედეგად, ამ ქალაქში მდებარე ჩინეთის გენერალური საკონსულოც დაზარალდა, თუმცა შეკითხვის საპასუხოდ უწყების სპიკერმა მომხდარს აფეთქება უწოდა.


ჩინეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე განცხადება შემდეგი ფორმულირებით არის განთავსებული: საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადება იმის შესახებ, რომ ოდესაში ჩინეთის გენერალური საკონსულოს შენობა შეარყია „რუსეთის საჰაერო თავდასხმამ უკრაინაზე.“

კითხვა: წყაროები ამბობენ, რომ 20 ივლისს უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავისა და სარაკეტო თავდასხმამ შეარყია იქ ჩინეთის გენერალური საკონსულო, დაზიანდა კედლის გარე ზედაპირი და ზოგიერთი ფანჯრის მინა. შეგიძლიათ, დაადასტუროთ ეს ინფორმაცია? გააკეთა თუ არა ჩინეთმა დემარში რუსეთთან?


პასუხი: ოდესაში ჩინეთის გენერალურ საკონსულოსთან აფეთქება მოხდა. აფეთქების ტალღამ კედლის ზედაპირის ნაწილები და ფანჯრის მინები შეარყია. საკონსულოს თანამშრომლებმა შენობა დიდი ხანია, დატოვეს და არავინ დაშავებულა. ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და აგრძელებს კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას უკრაინაში ჩინეთის ინსტიტუტებისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ შესანარჩუნებლად.

ჩინური მხარის ეს ფორმულირებები იმით არის საინტერესო, რომ ამ დრომდე ოფიციალურ პეკინს რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის შეჭრა არ უწოდებია და არც დაუგმია მოსკოვის ქმედება. ამის პარალელურად, რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ.


პეკინში 19 ივნისს მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოვიდა დაპირებით, რომ რუსეთს არ გაუგზავნის უკრაინაში მიმდინარე ომში გამოსაყენებელ იარაღს, თუმცა ამასთანავე, ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის კერძო კომპანიების მოქმედებებზე.

„ჩვენს შეშფოთებას იწვევს ჩინური ფირმები -კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენებს. ჩვენ მივმართეთ ჩინურ მხარეს თხოვნით, უფრო ყურადღებით იყონ ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.