სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა ბავშვის მიმართ, რომელიც ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოში აჩვენეს - PHR

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბავშვის მიმართ, რომელიც ჰომოფობიურ ვიდეოში აჩვენეს, დამცავი ორდერი გამოსცა. ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) წარმომადგენელი იუწყება.

(PHR) სასამართლოში ბავშვის ინტერესებს იცავდა.


ორგანიზაციის იურისტი ანა თავხელიძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამბობს:

„სასამართლომ თქვა, რომ ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ბავშვის უფლებადამრღვევი და ბავშვზე მოძალადე, რითაც ასევე სასამართლომ დაადასტურა, რომ არსებობდა ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელების მაღალი რისკი, რის შესახებაც გაცილებით ადრე ჰქონდა ინფორმაცია შსს-ს.“

ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ გამოსცა 9-თვიანი ორდერი, რომლის ძალითაც ხსენებული ვიდეოს გამავრცელებელს აეკრძალა ბავშვის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება.


გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა ორგანიზაცია „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ წევრ, ხატია ჯანაშიას მიმართ, რომელმაც Facebook-ზე გაავრცელა ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოკოლაჟი არასრულწლოვნის მონაწილეობით.