უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელმძღვანელობის მცდელობებზე, უკრაინა მეზობელ პოლონეთს დაუპირისპიროს. მინისტრმა აღნიშნა, რომ „პუტინის მცდელობები ისეთივე უშედეგოა, როგორც მისი წარუმატებელი შეჭრა უკრაინაში.“
„რუსეთისგან განსხვავებით, პოლონეთმა და უკრაინამ ისწავლეს ისტორიიდან და მუდამ ერთად დადგებიან რუსული იმპერიალიზმისა და საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის წინააღმდეგ," - დაწერა კულებამ Twitter-ზე.
შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც.
რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.