ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლონეთს დასავლეთ უკრაინის მიერთება სურს.
„თქვენც აღნიშნეთ ახლა, რომ ბევრი საუბარია, უკრაინა NATO-ში ნაწილ-ნაწილ მიიღონ, მათ სურთ დასავლეთ უკრაინის წართმევა და პოლონეთისთვის მიერთება. ეს არის რუსეთის ფედერაციის ჯარების წინააღმდეგ ამ ოპერაციაში პოლონელების აქტიური მონაწილეობისთვის საფასური. ამერიკელების მიერ ეს მხარდაჭერილია.
მე თქვენ ადრე ერთხელ უკვე გითხარით, ჩვენ ხომ ეს დავინახეთ ნახევარი წლის წინ და წინასწარ განვიხილეთ. ჩვენთვის ეს მიუღებელია. დასავლეთ უკრაინის მოწყვეტა, უკრაინის დანაწევრება და პოლონეთისთვის მიწების გადაცემა მიუღებელია. და თუ უკრაინის დასავლეთის მოსახლეობას დასჭირდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ მხარს დავუჭერთ,“– განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, განიხილოს და გააანალიზოს ეს საკითხი.
„ბუნებრივია, მე ვისურვებდი, რომ ამ თვალსაზრისით თქვენ მხარი დაგვიჭიროთ. თუ ასეთი მხარდაჭერა იქნება და დასავლეთ უკრაინა ამ დახმარებას ითხოვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინის დასავლეთის მოსახლეობას აღმოვუჩენთ დახმარებას და მხარდაჭერას,“ - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც.
რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.