რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ, იტალიის დელეგაცია ოდესაში ჩავიდა

იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის დელეგაცია ქალაქ ოდესას ეწვია. დელეგაციის წევრებს  რუსეთის მიერ 23 ივლისის ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგები აჩვენეს.

შესაბამისი განცხადება ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა გააკეთა.

„ჩვენ შევხვდით იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და სათემო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი ლია კვარტაპელე პროკოპიო, უკრაინაში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,პიერ ფრანჩესკო ზაზოს თანხლებით“, - წერს კიპერი.


მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენეს რუსეთის ტერაქტის შედეგები, დანგრეული არქიტექტურული ძეგლები, საცხოვრებელი კორპუსები და საკათედრო ტაძარი. კიპერმა მადლობა გადაუხადა იტალიურ მხარეს მხარდაჭერისთვის და მზადყოფნისთვის, დაეხმარონ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებული არქიტექტურული ძეგლების აღდგენაში.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ დღეს განაცხადა, რომ იტალიის რესპუბლიკა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოდესაში მდებარე ფერიცვალების ტაძრისა და უკრაინის სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციაში.

იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ცენტრი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა ოცდახუთი არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ცნობილი ფერიცვალების ტაძარი. თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.