ხორვატიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხორვატია ევროკავშირისა და NATO-სკენ საქართველოს სწრაფვის მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ანდრეი პლენკოვიჩმა ზაგრებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პლენკოვიჩს იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, წინსვლა იქნება.
მისივე თქმით, ხორვატია საქართველოს რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.
„ეს არის საქართველოს პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს მისი ვიზიტისთვის.
დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რაც ქვეყანას გააჩნია NATO-ში გაწევრიანების თაობაზე.
ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას.
ხორვატია და საქართველო მოსახლეობის ნიშნით, გეოგრაფიული ნიშნით ძალიან მსგავსია. საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. გასულ წელს ევროპულ საბჭოში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ამ გზაზე შედგებიან.
მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსის მქონენი არიან, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს არის ევროკომისიის დასკვნაში გაწერილი.
მიხარია, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, რომ განვიხილავთ ამ საკითხებს სამივე ქვეყანასთან მიმართებით და საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა.
რაც შეეხება საქართველოს ამბიციას NATO-ში გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდა სამიტზე და „გააჟღერა“ გზავნილები და საქართველო ამჟამად, რახან ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით, რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული, ფორმალურად მოახდინა ანექსია რუსეთმა და ჩვენ ამას გაყინულ კონფლიქტს ვუწოდებთ.
ადრე ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის რეგიონები მსგავსი გამოწვევების წინაშე დადგნენ. ამ მხრივ, პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოში ძალიან მომთხოვნი და სენსიტიურია. პრინციპში, „სამხრეთ ოსეთის“ ნაწილიდან თბილისამდე „ადმინისტრაციული საზღვარი“ არსებობს და 40 წუთის სავალზეა დედაქალაქთან, ამიტომ, ძალიან ახლოს არის ეს ხაზი,” - განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებასაც დაესწრება.