ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში: საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ელის „სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება.“

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში.“

პრემიერ-მინისტრის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში.

„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის საქმეში და ვხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას. იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში, და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე როდესმე ვყოფილვართ.


ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, ის მიღწევებია, რაც ჩვენი მთავრობის დიდმა ძალისხმევამ მოიტანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ - ევროკავშირის ლიდერებმა - გადაწყვეტილება მიიღეს და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს, რითაც უპრეცედენტო მუხტი შეიქმნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ერთ წელზე მეტის გავიდა ამ ისტორიული გადაწყვეტილებიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით.

მიმდინარე წლის დეკემბერში ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, ვიტყოდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობას სრულად აცნობიერებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა.

„ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,“ - განაცხადა პრემიერმა.


ამავე ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია არსებული გამოწვევების მოგვარების საქმეში, რადგან რეგიონალური ენერგო ტრანზიტის, საქონლის ტრანსპორტირებისა და ციფრული კავშირების პოტენციალი აქვს. შუა დერეფანი და ისეთი სამომავლო პროექტები კი, როგორიცაა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები სტრატეგიულ გადაწყვეტას სთავაზობს ევროპას.

„საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


„საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო სულადობრივად იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, როდესაც ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა. მათ შორისაა NATO-ს მისიები ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმიც. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ NATO-ს ასპირანტი ქვეყნის რანგში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ძალუძს კოლექტიური თავდაცვის ტვირთი გაიზიაროს,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველო „ურყევად აგრძელებს“ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას.

„საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გვქონდა ბრუტალური ომი 2008 წელს, რომელიც იყო გამანადგურებელი ჩვენთვის. ჩვენ მადლობელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შორის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა საქართველოში. დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას ჩემს კოლეგას თბილი მიღებისა და ჩვენი თანამშრომლობაში შემავალი თემატიკის ფართო სპექტრზე სიღრმისეული განხილვისთვის. მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად,“ - განაცხადა პრემიერმა.