„უკუდურესად საგანგაშოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მისი მოტივაცია, რომელიც მნიშვნელოვნადაა აცდენილი სამართლებრივ ლოგიკას, კონსტიტუციურ სტანდარტებს და ზოგადად ქვეყანაში შექმნილ რეალობას“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება შეიცავს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თვითნებური და ერთპიროვნული გადაწვეტილების მიღების მნიშვნელოვან საფრთხეებს“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
„საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 11 თებერვალს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც კონსტიტუციურად მიიჩნია პანდემიის დროს ადამიანის ძირითადი უფლებების (შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება) შეზღუდვა მთავრობის დადგენილებით და მინისტრის ბრძანებით. ამ გადაწყვეტილებით პარლამენტს შეუძლია ფაქტიურად მოიხსნას უფლებამოსილება ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში და უარი თქვას საკანონდებლო ფუნქციის განხორციელებაზე.
მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უგულებელყო აქამდე არსებული კონსტიტუციური სტანდარტები და საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნა რეალობასთან აცდენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მაგალითად:
სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ დადგენილ შეზღუდვებს არ აქვს ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამართლებრივ თუ პოლიტიკურ განვითარებაზე. აღნიშნული მსჯელობის მცდარობა მარტივადაა დასანახი პანდემიის დაწყებისა და შეზღუდვების შემოღების შემდეგ საქართველოში ეკონომიკური ვარდნის ფონზე, რომლის გამოსწორებასაც შეიძლება წლები დასჭირდეს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზე, რომ სადავო ნორმები არაა რეპრესიული ხასიათის („პირთა დასჯის ანდა მათი თავისუფლების აღკვეთისკენ მიმართული“), რის გამოც თვითნებობის რისკი დაბალია. ალოგიკურია გასაჩივრებული ნორმების არარეპრესიულ ხასიათზე მითითება, მაშინ როდესაც მიღებული შეზღუდვების დარღვევა 2000 ლარიან ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.
ხაზგასასმელია ის, რომ მიღებული გადაწყვეტილების ავტორთა ნაწილის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კითხვისნიშნები გააჩინა. მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ, საერთო სასამართლოების მოქმედ მოსამართლეთა, ვასილ როინიშვილისა და ხვიჩა კიკილაშვილის 2020 წლის აპრილსა და ივნისში დანიშვნის პროცედურა საგანგებო მდგომარეობის/შეზღუდვების მოქმედების დროს დაჩქარებული წესით წარიმართა და პროცესი შეფასდა როგორც ხარვეზიანი და გაუმჭვირვალე.
საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლე, გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი, რომელმაც დელეგირების დამდგენი ნორმები არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეუქცევად ზიანს აყენებს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში", - აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთბლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი კონსტიტუციურად სცნო.