ყირგიზეთმა ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ყირგიზეთმა ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები გადაჭრას. მდინარე ნარინის აუზში წყლის დაბალი შედინებისა და ელექტროენერგიის სწრაფად მზარდი მოხმარების ფონზე, ყირგიზეთი გამომუშავებული სიმძლავრის დეფიციტს განიცდის.

პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ყირგიზეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის შესახებ“, რომელიც 2023 წლის პირველი აგვისტოდან შევა ძალაში და 2026 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

გადაწყვეტილება ქვეყანაში მზარდი ენერგიის მოთხოვნის ფონზე, გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად და სიმძლავრის ნაკლებობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად მიიღეს.


მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს შეუწყობს სტრატეგიებისა და ქმედებების შემუშავებას და სამომავლოდ, მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შენარჩუნებას.

ყირგიზეთის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან მაისამდე ყირგიზეთში სულ 6,486 მილიარდი კილოვატსათი (კვტ/სთ) ელექტროენერგია გამომუშავდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,3 პროცენტით მეტია.