მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცლეებს.
როგორც ცნობილია, თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია ენათმეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა.
"კონკურსს ორგანიზებას გაუწევს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია გაიცემა ენათმეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოსა თუ უცხოეთის მოქალაქეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, სამინისტროს ცნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი, ხოლო სტუდენტებისთვის მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება. როგორც სამინისტრო პრესრელიზში წერს, ეს ინიციატივაც მინისტრს ეკუთვნის.
ენათმეცნიერი და აკადემიკოსი, თამაზ გამყრელიძე 10 თებერვალს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თამაზ გამყრელიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და ეკავა საპატიო პრეზიდენტის სტატუსი სიცოცხლის ბოლომდე. ის იყო თსუ-ს რექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრი. აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს მიღებული აქვს არაერთი ქართული თუ უცხოური ჯილდო.
როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, თამაზ გამყრელიძეს 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.