მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მეხუთე დღეს კრუიზი ბათუმის პორტშიც შევა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისს განცხადებაში არ ახსენებს სოჭს და განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.
რუსული სამთავრობო არხის, Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს. გამოცემა “ეხო კავკაზა” იუწყება, რომ კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა.
„გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.
აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
24 იანვრის განცხადებაში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სოჭის პორტთან მოლაპარაკების არსებობა უარყო.