ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს საელჩოსა და მისი თანაშრომლების საქმიანობაზე გავრცელებულ „დეზინფორმაციასთან“ დაკავშირებით. შესაბამის განცხადებას საელჩო ავრცელებს.
დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და მისი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეშფოთება გამოხატეს.
„როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა,“- აცხადებს ამერიკის საელჩო.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტები, მმართველი პარტიის წევრებმა და რიგმა ტელეარხებმა გაავრცელეს ბრალდებები, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული იყო აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი.