ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა

„გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით, რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი [საქართველოდან] უკან, რუსეთში ბრუნდება” - ეს არის ჯიმ ობრაიეინის პასუხი სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე.

სენატის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი დაინტერესდა საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგენილი ავიამიმოსვლა, ქმნის თუ არა რუსეთისთვის სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ჯერ კიდევ მოქმედმა ხელმძღვანელმა, სენატორების შეკითხვებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე უპასუხა. სენატი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციაზე ჯიმ ობრაიენის კანდიდატურას განიხილავს.


სენატში გამართულ მოსმენაზე, სენატორმა შაჰინმა ობრაიენს ჰკითხა, თბილისში ვიზიტის შემდეგ, შეეძლო თუ არა „განახლებული ინფორმაცია მიეწოდებინა იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით“.

სანქციების მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურების მუშაობის კუთხით, „გამამხნევებელი სიახლეა.“


„თბილისში ვიყავი კოლეგებთან ერთად, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ასე რომ, წარმოდგენილი ვიყავით, როგორც ერთიანი ფრონტი. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა.

ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომების თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე. ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმის შესახებ, თუ რას ხედავენ.

ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ობრაიენმა.


სენატორი შაჰინი დაინტერესდა, საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან აღდგენილი ავიამიმოსვლა ხომ არ დაეხმარება რუსეთის მიერ სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობას და ქმნის თუ არა ეს შეშფოთების მიზეზს.

„არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია. ასე რომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი [საქართველოდან] უკან, რუსეთში ბრუნდება,“ - განაცხადა ობრაიენმა.


რეფორმები ევროპული პერსპექტივის პროგრესისთვის

„მომავალი წლის არჩევნებამდე, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო იყოს ჩართული თავისი ინსტიტუტების გაძლიერებაში" - ამერიკის ხმის ცნობით, ეს არის კიდევ ერთი კითხვა, რომელიც საქართველოს შესახებ სენატორმა შაჰინმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს დაუსვა. პასუხად, ობრაიენმა ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომლებზეც მუშაობა, მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად, სჭირდება.

„მოგეხსენებათ, შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები დაუწესა მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის კონტროლით იყო ცნობილი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად, ეს ერთ-ერთი პირველი მოთხოვნაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ნათლად ვუთხარით საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება, პროგრესის მისაღწევი მთავარი სფეროა,“ - განაცხადა ობრაიენმა.


სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ხაზი გაუსვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მუშაობს და განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, ქვეყანაში პოლარიზაცია არ არსებობს.

„მიმდინარე კვირაში, სამოქალაქო საზოგადოების ქართველ აქტივისტთა ჯგუფს შევხვდი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას [ევროპული მომავლის მიმართ]. ქართველი ხალხის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს ევროპის ნაწილი იყოს. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.“ 

მისივე თქმით, „რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ მთავრობის უკან მდგომ ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფს უნდა მიეცეს გაცნობიერების საშუალება, რომ ევროპასთან გასაერთიანებლად საჭირო რეფორმები, რეალურად არის მიმართულება, რომლისკენაც ქვეყანა მიდის.

„ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა [საქართველოს მთავრობისთვის] ცხადი გავხადოთ, რომ მათ მიერ წაყენებული პირობები, ასევე აისახება [საქართველოსადმი] ჩვენს დახმარებასა და ჩვენს პირობებზე და რომ მომდევნო რამდენიმე თვეში, ჩვენ უნდა დავინახოთ ამ მხრივ წინსვლა. შემოდგომა კრიტიკული იქნება, რადგან ევროპული საბჭოს ანგარიში გახდება ცნობილი.“

სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, სანქციების კოორდინაციის ოფისის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სახელმწიფო დეპარტამენტში იმ ბიუროს ჩაიბარებს, რომელიც ევროპისა და ევრაზიის მიმართ, შესაბამისად საქართველოს მიმართ, შეერთებული შტატების პოლიტიკას იმუშავებს და ახორციელებს.

ბიურო მხარს უჭერს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, NATO, ევროკავშირთან და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, დემოკრატიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება.