მედიის ცნობით, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმის პორტში შევიდა. მთავარი არხის ინფორმაციით, ადგილზე გასაპროტესტებლად მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები - „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ლელოდან.“
განახლება: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ გემის შემოსვლა საქართველოს წყლებში კომერციული ხასიათისაა.
„27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ს ტრაბზონიდან შემოვიდა. გემს თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელიც დღეს დილით ბათუმში შემოვიდა, 22 ივლისს სოჭიდან გამოვიდა.
მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში არ ახსენებს სოჭს და განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.
რუსული სამთავრობო არხის, Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს. გამოცემა “ეხო კავკაზა” იუწყება, რომ კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა.