საელჩო ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში საელჩო უთითებს, რომ მისი წარმომადგენლები ესაუბრნენ საქართველოს მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში.

„საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტზეა ქლაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან. საელჩოს წარმომადგენლები გუშინაც ესაუბრნენ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში.

რაც შეეხება არალეგალთა განთავსების ბანაკის დატოვებას (რასაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ითხოვს), აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია.

ქალაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. არეულობის დაწყებისთანავე საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით 01:43 საათზე დაუკავშირდა, აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ხ. მ. კონსულის მოვალეობის შემრულებელი ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდა აღნიშნულ პირს და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მასთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან.

დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ხ.მ-მ საელჩოს დაუდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და საქართველოს ყველა მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.


ინფორმაცია იმის შესახებ რომ ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, 26 ივლისს, დაადასტურა ატიკის პოლიციის უცხოელთა დეპარტამენტმაც. მორიგი კომუნიკაცია საელჩოსა და მოქალაქე ხ.მ ს-ს შორის შედგა 26 ივლისს დღის საათებში, გადამოწმდა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას შეეთავაზა დახმარება საქართველოში დროულად დაბრუნებაში. ხ.მ-მ, რომელსაც აქვს მოთხოვნილი თავშესაფარი საბერძნეთის რესპუბლიკაში უარი განაცხადა საქართველოში დაბრუნებაზე.

შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000,“– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.