საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებულ აქციას ეხმაურება.
„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.
„გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.
აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ -
განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.