პოლიციამ შვედეთში სპეციალური ღონისძიებები შემოიღო - მედია

შვედეთის პოლიციამ უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისა და შვედეთის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, სპეციალური ღონისძიებები შემოიღო.

შვედეთის პოლიციის სპიკერმა, მარკ ვადაშმა განმარტ, რომ ეს რეჟიმი გულისხმობს კონკრეტულ პრობლემაზე ფოკუსირებას, რაც ამ შემთხვევაში არის შვედეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება.

უფრო კონკრეტულად, შვედეთის პოლიციისთვის „სპეციალური მოქმედების“ რეჟიმი ნიშნავს საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადების აუცილებლობას, რამაც შეიძლება, მეტი სამართალდამცველის ჩართვა ან დამატებითი უფლებამოსილების გამოყენება გახადოს საჭირო. შვედეთის პოლიციის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მთავრობის ინსტრუქცია ანტიტერორისტული ზომების გაძლიერების შესახებ მას შემდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა ყურანის დაწვის ფონზე უარესდებოდა.

შვედეთში ყურანის დაწვამ სტოკჰოლმსა და თურქეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვია.


Bloomberg-ი ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით 26 ივლისს წერდა, რომ შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება.