სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 5.8%-ით. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშშია აღნიშნული,
ანგარიშის მიხედვით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. სააგენტოს თქმით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება. (4,0% - 2021 წელს და 3,7% - 2022 წელს).
სარეიტინგო სააგენტო მთავარ რისკებს შორის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას და ვაქცინაციის ეფექტიანობას ასახელებს.
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის ოფიციალური პროგნოზითაც, წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება. 2020 წლის განმავლობაში კი, ეკონომიკა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-ზე მეტად შემცირდა და კლებამ ჯამურად 6.1% შეადგინა.