პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურა გაიხსნა

პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურა გაიხსნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უნივერსიტეტში სკულპტურის გახსნას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა კი შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

მან  საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის ერთგულების დადასტურაზე ისაუბრა.


„ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას და პატივს სცემს იმ მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც აქვს როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს.

XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ მსოფლიო ლიტერატურაში შეტანილი ღვაწლი უდიდესია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღინიშნება. მისი ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ არამხოლოდ ქართული ლიტერატურის შედევრია, არამედ მეგობრობის, სიბრძნის, ადამიანური ემოციებისა და ღირებულებების უნივერსალურობის დასტურიც არის. ეს არის ნაწარმოები, რომელიც სცილდება საზღვრებს, ენებსა და საუკუნეებს, რომელიც რეზონანსულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის აქაც - ჩინეთში.


დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეისადმი.

„უმაღლეს სასწავლებლებში თანამშრომლობა დიდი ხანია ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, ძველი ენების შესწავლის მხარდაჭერა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში; აგრეთვე, პროფესიულ, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა, სხვა ინიციატივებს შორის.“

„ჩვენი ვიზიტის დროს, მოხარული ვართ, ხელი მოვაწეროთ განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს - ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ. მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.


განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმაც ისაუბრა.

„ჩვენ ვაწერთ ხელს მემორანდუმმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყრება ურთიერთთანამშრომლობას როგორც უმაღლესი განათლების კუთხით, ასევე კვლევით ინსტიტუტებს შორის, კვლევითი პროექტების თანამშრომლობის კუთხით.

ასევე ენების შესწავლის კუთხით და კულტურათა გაცვლის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს ჩვენი და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტების და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება, ვინაიდან ეს ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს,“- განაცხადა განათლების მინისტრმა.