საუდის არაბეთი მომავალ თვეში უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Wall Street Journal იტყობინება.
„საუდის არაბეთი მომავალი თვის დასაწყისში სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს დასავლეთის ქვეყნების, უკრაინისა და მთავარი განვითარებადი ქვეყნების მონაწილეობით შორის, შორის ინდოეთისა და ბრაზილიის ჩართულობით“, - წერს ამერიკული გამოცემა.
შეხვედრას ქალაქი ჯედა 5 და 6 აგვისტოს უმასპონძლებს და საუდის არაბეთში სტუმარი სულ 30-მდე ქვეყნიდან ჩავა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნები დაესწრებიან სამიტს. WSJ-ის ცნობით, საუდის არაბეთმა და უკრაინამ შეარჩიეს სტუმრები, მათ შორის ეგვიპტიდან, მექსიკიდან, ინდონეზიიდან, ჩილედან და ზამბიიდან. ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკა, პოლონეთი და ასევე, ევროკავშირი უკვე დაადასტურეს დასწრება.
სამიტი ტარდება მას შემდეგ, რაც რუსეთი და დასავლეთი განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერისთვის იბრძვიან. ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც ძირითადად ნეიტრალური რჩებოდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში. უკრაინა ასევე ცდილობს, მოიპოვოს განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა ლიგის სამიტს საუდის არაბეთში, მაისში დაესწრო და მოუწოდა არაბ ლიდერებს, რომელთაგან ბევრი ნეიტრალურად რჩება ან ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას მოსკოვთან, მხარი დაუჭირონ მის სამშვიდობო გეგმას რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად უკრაინული მხარე იყენებს სამფაზიან სტრუქტურას. პირველი ეტაპი არის შეხვედრები უკრაინაში აკრედიტებულ ელჩებთან, რომლებიც ეძღვნება ფორმულის თითოეული პუნქტის დეტალურ განხილვას. მეორე ეტაპის ფარგლებში უკრაინა ორგანიზებას უწევს შეხვედრებს, რომლებშიც მონაწილეობენ სახელმწიფოთა ლიდერების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რათა მოიძიონ ოპტიმალური ფორმულირებები და მექანიზმები უკრაინის სამშვიდობო გეგმის განხორციელებისთვის.
„ჩვენ პირველი ასეთი შეხვედრა ჩვენს დანიელ კოლეგებთან ერთად მოვაწყვეთ. ის კოპენჰაგენში ივნისში შედგა. მომდევნო შეხვედრა მალე გაიმართება და მას საუდის არაბეთის ქალაქი უმასპინძლებს. მადლობას ვუხდით ორივე სამეფოს ლიდერობისთვის და უკრაინის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერისთვის," - აღნიშნა ერმაკმა.
მისივე თანახმად, მშვიდობის ფორმულაზე შეთანხმების მიღწევის მესამე ეტაპი იქნება გლობალური სამიტი სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე, რომელიც შესაძლოა, წლის ბოლომდე ჩატარდეს.
2023 წლის დასაწყისში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰანი კიევს თებერვალში ეწვია და 400 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გამოაცხადა.
პატიმრების გაცვლის შესახებ საუდის არაბეთმა რუსეთთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.