საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა.
„საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.