აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ხელმოწერილი 2023 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის თანახმად, კომპიუტერული ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო წვრთნები - UZAZ-2023 დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ტაშკენტის რეგიონის ჩირჩიკის საწვრთნელ პოლიგონზე ჩატარებული ერთობლივი წვრთნების პირველ ეტაპზე, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის სამხედროებმა სპეციალური საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებისა და დაგეგმვის ამოცანები შეასრულეს.
წვრთნების ძირითადი მიზანია გამოცდილების ურთიერთგაცვლა, ორივე სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზება, შტაბის ოფიცრების უნარების გაუმჯობესება გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე მათი პროფესიონალიზმისა და მომზადების დონის შემდგომი ამაღლება.