Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა აფასებს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებას. ბრაიზა აღნიშნავს, რომ ეს განაცხადი არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, გარდა ერთი საკითხისა.
ამერიკელი დიპლომატი ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატისადმი“ საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც შესაძლოა, ვაშინგტონმა წესებზე დაფუძნებული გლობალური სისტემისგან დაშორებად აღიქვას.
ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, გამოიწვევს თუ არა ახალი შეთანხმება ვაშინგტონის შეშფოთებას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ის. ბრაიზა აქვე ხაზს უსვამს, რომ პირიქით, რუსეთიც შეიძლება, შეშფოთებული იყოს, რადგან ცენტრალურ აზიაში გავლენების მოპოვების მიზნით კონკურენცია, ახლა შესაძლოა, შავ ზღვაზეც გავრცელდეს, მიუხედავად რუსეთისა და ჩინეთის მიერ გამოცხადებული - „საზღვრებს გარეშე“ სტრატეგიული პარტნიორობისა.
„პრინციპში, განცხადება, რომელსაც გავეცანი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, აუცილებლად არ ნიშნავს დიდი ძალების კონკურენციის უფრო მაღალ დონეზე აწევას შავი ზღვის რეგიონში, აშშ-სა და ჩინეთს შორის.
საქართველოსა და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლიდან აქვთ, ხოლო შეერთებული შტატები იზიარებს ჩინეთისა და საქართველოს მიზანს, გააფართოონ შუა დერეფანი, განსაკუთრებით იმ დაბრკოლებების მოხსნით, რომლებიც ამჟამად გარკვეულწილად ზღუდავს მის გამტარუნარიანობას/შესაძლებლობებს.
უფრო მეტიც, აშშ-ის პერსპექტივიდან, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, ალბათ, გარდა ერთისა - საქართველოს მიერ ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ მხარდაჭერისა, რომელიც ვაშინგტონმა შესაძლოა, წესებზე დაფუძნებული გლობალური სისტემისგან დაშორებად აღიქვას. იმ სისტემისა, რომლის განვითარებასაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს,“ - მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.