საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი

საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამასთან დაკავშირებული განცხადება ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისადმი ნაწილით იხსნება. კერძოდ - პირველივე პუნქტში წერია - მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 


რა მოცემულობას ქმნის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადი საქართველოსთვის, მისი პარტნიორებისთვის გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, ამ საკითხს Europetime-თან ანალიტიკოსები განიხილავენ.

ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას შეფასებით, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური შეკითხვა ახლა სტრატეგიულ პარტნიორონასთან მიმართებით, სწორედ ის იყოს, განიხილავენ თუ არა პეკინი და თბილისი თავიანთ შეთანხმებას, როგორც ასახვას საქართველოს უფრო მჭიდროდ დაკავშირებისა რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობასთან, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით.


„პრინციპში, განცხადება, რომელსაც გავეცანი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, აუცილებლად არ ნიშნავს დიდი ძალების კონკურენციის უფრო მაღალ დონეზე აწევას შავი ზღვის რეგიონში, აშშ-სა და ჩინეთს შორის.

საქართველოსა და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლიდან აქვთ, ხოლო შეერთებული შტატები იზიარებს ჩინეთისა და საქართველოს მიზანს, გააფართოონ შუა დერეფანი, განსაკუთრებით იმ დაბრკოლებების მოხსნით, რომლებიც ამჟამად გარკვეულწილად ზღუდავს მის გამტარუნარიანობას/შესაძლებლობებს.

უფრო მეტიც, აშშ-ის პერსპექტივიდან, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, ალბათ, გარდა ერთისა - საქართველოს მიერ ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ მხარდაჭერისა, რომელიც ვაშინგტონმა შესაძლოა, წესებზე დაფუძნებული გლობალური სისტემისგან დაშორებად აღიქვას. იმ სისტემისა, რომლის განვითარებასაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს,“ - მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.


ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, გამოიწვევს თუ არა ახალი შეთანხმება ვაშინგტონის შეშფოთებას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ის.

თუმცა ბრაიზა აქვე ხაზს უსვამს, რომ პირიქით, რუსეთიც შეიძლება, შეშფოთებული იყოს, რადგან ცენტრალურ აზიაში გავლენების მოპოვების მიზნით კონკურენცია, ახლა შესაძლოა, შავ ზღვაზეც გავრცელდეს, მიუხედავად რუსეთისა და ჩინეთის მიერ გამოცხადებული - „საზღვრებს გარეშე“ სტრატეგიული პარტნიორობისა.


ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-თან ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ,  პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩათვლიდა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, და ჩინეთი მაინცდამაინც სახარბიელო როლს არ თამაშობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, პეკინთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ მორიგი შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და რომ დასავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან მჭიდრო ურთიერთობას აგრძელებს.“


ანალიტიკოსის შეფასებით, პირველ რიგში, ეს ზრდის საქართველოს დაუცველობას რუსეთის მიმართ და აშორებს საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე - „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივამ აჩვენა, რომ ის შეიძლება, ერთგვარი ტვირთი გახდეს სახელმწიფოების „კისერზე“ და აიძულოს ქვეყნები, გადასცენ მნიშვნელოვანი ეროვნული აქტივები პეკინს.

„ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის მცდელობებს ვერავინ გააპროტესტებს - ამას ყველა დასავლური ქვეყანა, თუნდაც აშშ, ცდილობს, მაგრამ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს მთავრობა ხელს აწერს უამრავ ჩინურ ინიციატივას და პროექტს, რომლებიც შეიძლება, დანაშაულად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ რეალურად შექმნილია ჩინეთის მმართველობის მოდელის პოპულარიზაციისა და მისი გავლენის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და ევროკავშირის ხარჯზე.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად აფასებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,  მთავრობას უნდა დაუსვან რთული შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას აპირებს ის ამ ახალი პარტნიორობის მეშვეობით,“ განუცხადა Europetime-ს იან ბონდმა.


რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან.

„საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს.


„ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings).

საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.


ინფორმაციისთვის, ჩინეთს ($794.8) მლნ), რომელიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში თურქეთს ($1.5 მლრდ), რუსეთსა ($1.3 მლრდ) და აშშ-ს ($820.9 მლნ) მოსდევს, შეერთებული შტატები გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს.

„NATO-ს ინტერესების, უსაფრთხოებისა და ფასეულობების გამოწვევას წარმოადგენს ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული ამბიციები და ძალდატანების პოლიტიკა,“  ნათქვამია თავის მხრივ, NATO-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.“

დასავლეთი პეკინს ხშირად მოუწოდებს, მოახდინოს გავლენა რუსეთზე, რომ მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს. როგორც ცნობილია, კიევმა და დასავლეთმა პეკინს „სამშვიდობო გეგმა“ დაუწუნეს. აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.