თურქეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის თავდაცვის ატაშეებმა, პოლკოვნიკმა ბურაკ ალთინერმა და პოლკოვნიკმა მირჩა ჟიგურანუმ სამწლიანი მისია საქართველოში დაასრულეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სამხედრო დიპლომატებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის უცხოელი ატაშეები უწყებრივი მედლებით - „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერის მუშაობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა მიმართულების განვითარების მიზნით თურქეთის რესპუბლიკისგან რამდენჯერმე მიიღო გრანტი და ფინანსური დახმარება.
„მნიშვნელოვანია თურქული მხარის კონტრიბუცია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში, მათ შორის თურქეთი რეზიდენტი ექსპერტებით ჩართულია შემდეგ ინიციატივებში: ავიაცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო-საინჟინრო და სასაზღვრო. 2022 წელს თურქეთმა NATO-ს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიცია დაიკავა და საზღვაო მიმართულებას ფარავს.
რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეს, პოლკოვნიკ მირჩა ჟიგურანუს მისიის პერიოდში კი, განსაკუთრებით გააქტიურდა ორხრივი თანამშრომლობა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის. განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და რუმინეთში.
გააქტიურდა და გაღრმავდა თანამშრომლობა წვრთნისა და განათლების კუთხით, მათ შორის საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის, რაც გამოიხატა ერთობლივ გაცვლით წვრთნებში სნაიპერული და საპარაშუტო თავისუფალი ვარდნის მიმართულებით.
ცნობისთვის, რუმინეთის საელჩოს დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად, NATO-ს საკონტაქტო საელჩოს სტატუსი აქვს.