შოვში მაშველები სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით გაგზავნეს

შოვში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან მაშველები.
 
„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის. დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით,“- აცხადებს უწყება.