ბაიდენის ადმინისტრაციის გათვლებზე საუბრისას, ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთზე რამდენიმე წიგნის ავტორი ანჯელა სტენტი ამბობს, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ თუ რუსეთთან დამოკიდებულებას შეცვლიან, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება.
„ურთიერთობა არ გაუმჯობესდება. 6 იანვარს კაპიტოლიუმში ჯგუფის შეჭრამდე რუსები იმეორებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომ ამერიკაში არჩევნები გაყალბდა. მათ ასევე, ბოლო წუთამდე არ აღიარეს ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება“.
სტენტს მიაჩნია, რომ ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ბაიდენმა კრემლს მეგობრული ხელი არ გაუწოდოს. რუსეთის ინტერესებში კი შედის ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება. ამის საფუძვლად მოსკოვი შესაძლოა „ახალი სტარტის ხელშეკრულების“ განახლებას მიიჩნევდეს. მოსკოვს ასევე სურს დიდ შვიდეულში დაბრუნება. ინდუსტრიული დემოკრატიების ეს ჯგუფი, რომელშიც ამერიკა, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და გაერთიანებული სამეფო შედიან, 1997 წელს შეიქმნა. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2013 წელს რუსეთი ჯგუფის მერვე წევრად მიიწვიეს და დიდი შვიდეული დიდ რვიანად იქცა. თუმცა, ერთ წელში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა, რუსეთი ჯგუფიდან გააძევეს.
ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ რუსეთთან რაღაც სახის სამუშაო ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს სტრატეგიული სტაბილურობის მიმართულებას და მასობრივი განადგურების იარაღის კონტროლს ეხება. „ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის“ ვიცე-პრეზიდენტი რობინ შეპარდი ამბობს, რომ მიღებული გამოცდილებიდან და ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ბაიდენი „უფრო მკაცრი იქნება [რუსეთთან] ვიდრე პრეზიდენტი ობამა იყო. ობამამ რუსეთთან „გადატვირთვა“ დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის მოტყუების სავარჯიშო იყო. ურთიერთობის გადატვირთვა თავისთავად კარგი ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მეორე მხარესაც სურს. რუსეთი არაფრის გადატვირთვას არ აპირებს. ვფიქრობ, ჯო ბაიდენს ეს ესმის. იქნება თანამშრომლობა ზოგიერთ სფეროში, მაგრამ ასევე შენარჩუნდება დაძაბული ურთიერთობაც, რომელიც ალბათ, მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლება“, - ამბობს შეპარდი.
ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ექსპერტები ევროპის ენერგო დამოუკიდებლობას და ენერგო რესურსების დივერსიფიკაციას ასახელებენ. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ აშენების წინააღმდეგი იყო. მილსადენმა რუსული გაზი გერმანიამდე უკრაინისთვის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის ფსკერზე დაგებული მილსადენით უნდა მიიტანოს. კონგრესის ორპარტიული თანხმობით, ტრამპმა მილსადენს სანქციები დაუწესა და მისი მშენებლობა დროებით შეფერხდა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ პროექტი მაინც მალე დამთავრდება, რადგან რუსეთი მის ბოლო ფაზას, ძირითადად, საკუთარი რესურსით ამთავრებს და გერმანია პროექტის განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს.