მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის განცხადებაში.
„რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია.
ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“ ამინ! ასევე, ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალმუნი. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და ყოველნი მკვიდრნი მას შინა“, – აღნიშნავს ილია მეორე.