გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგის, მერაბ გაფრინდაშვილის შეფასებით, იმ მასშტაბის სტიქია, როგორიც გუშინ რაჭაში, შოვში, მოხდა, საქართველოში არ ყოფილა.
"მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა. ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში. ამას დაერთო უხვი ნალექი.
უხვმა ნალექმა, წყლის ნაკადმა, დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა,"ამბობს გეოლოგი.
მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის.
"დამეჯერება, ალბათ, დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, არამარტო ამ ხეობაში, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში.“