აზერბაიჯანი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს საქართველოს სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში

აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ინფორმაცია ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.


„აზრებაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მოძმე საქართველოს მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულებს მალე იპოვიან.

„მინისტრმა ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზად არის, გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით. მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მას მადლობა გადაუხადა გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის,“ – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.


„ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ“, – წერს თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი.


კურორტ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანიც.

„ჩემი უღრმესი და გულწრფელი სამძიმარი საქართველოს დასავლეთ ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული კატასტროფის გამო, რომელმაც უდანაშაულო სიცოცხლეები შეიწირა და არსებითი დაზიანება გამოიწვია. ჩემი მტკიცე სოლიდარობა და თანაგრძნობა საქართველოს მოძმე ხალხს და ხელმძღვანელობას ამ ღრმა მწუხარების მომენტში. სრული იმედით, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულები, რომლებიც კვლავ სტიქიის ზონაში არიან, შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში,“ – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.


შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს საქართველოში თურქეთის საელჩოც.

„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. თანაგიგრძნობთ, საქართველო,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.


შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მეწყერი  იქ 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.