გაეროს განცხადებით, შოვის სტიქია კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების მკვეთრი შეხსენებაა

გაერთიანებული ერების ორგანიზცია შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ „ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ.“

  • ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა.

ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა, განსაკუთრებით დაუცველები იყვნენ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ.

გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის გმირობის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული და დაუღალავად აგრძელებს მუშაობას ადგილზე, რათა ყველა დაზარალებულის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს.


გაერო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჰუმანიტარულ პარტნიორებს კლიმატური კატასტროფების საფრთხის წინაშე მყოფი თემების მდგრადობის გაზრდის მიზნით, ერთიანი ძალისხმევის კოორდინაციაში.

შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ,“ აღნიშნულია გაერთიანებული ერების საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შოვში სტიქიის მეორე დღე: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 11 ადამიანი. უწყების ცნობით, სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 210 ადამიანი.  ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ დროისთვის 25 მოქალაქეს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძებნა-შველის სამუშაოში მონაწილეობენ: 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი; ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. პრემიერ-მინისტრის თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარიც ერთვება. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.