საუდის არაბეთში უკრაინის შესახებ სამიტზე, ჩინეთი ევრაზიის საკითხებში სპეცწარმომადგენელს გზავნის

საუდის არაბეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას ჩინეთიც მიიღებს. პეკინი სამიტზე საგანგებო დესპანს ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუის გზავნის.

უკრაინელი და დასავლელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ჯედაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების და 40-მდე ქვეყნის სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების შეხვედრაზე შეთანხმდებიან სამომავლო სამშვიდობო მოგვარების ძირითად პრინციპებზე, რათა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი დასრულდეს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.


„საუდის არაბეთის სამეფოს მოწვევით ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ჰუი უკრაინულ საკითხზე შეხვედრაში მონაწილეობისთვის ჯიდას ეწვევა.

ჩინეთი მზად არის, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ითანამშრომლოს, რათა გააგრძელოს უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ძიებაში კონსტრუქციული როლის თამაში,” - წერია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.