შოვის სტიქიას გადარჩენილი 3 აგვისტოზე

"თვალებს რომ დავხუჭავ, სულ მახსენდება, როგორ გადავურჩით - დღემდე მიკვირს...სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით..." შოვის სტიქიას გადარჩენილი, მეწყრის ჩამოწოლის დღეს იხსენებს.

  • სტიქიური უბედურების ეპიცენტრში დავით ჯელაძემ დამეწყრილი ზონა თავის დისშვილთან ერთად, ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანების გარეშე განვლო.

რაჭაში ის ოჯახთან ერთად იყო - სამ დასთან, დედასთან, ოთხ დისშვილთან და სიძესთან ერთად.

რადიო თავისუფლების ცნობით, დავით ჯელაძე და მისი ოჯახის ცხრა წევრი 3 აგვისტოს სოფელ ურავიდან შოვში გასასეირნებლად წავიდნენ. ოჯახის წევრები მეწყერმა ერთმანეთს დააშორა. დავით ჯელაძე და მისი ექვსი წლის დისშვილი მაშო სრულიად მარტო აღმოჩნდნენ ტალახში. თითქმის ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ თავისი დისშვილი სამშვიდობოს გაიყვანა და შემდეგ, ოჯახის სხვა წევრების საშველად წავიდა. ათივენი გადარჩნენ.

„ხიდზე რომ შემოვედით, საშინელება ხდებოდა, მთელი კოტეჯის მხარე წაღებული იყო, წინ წასვლა კი - შეუძლებელი. ამიტომ, უკან, ტყეში წასვლა გადავწყვიტეთ - იქ საიდანაც მოვდიოდით, მაგრამ ამ დროს მიწის მასამ გზა ჩაგვიკეტა.

ხეებმა და ქვის მასამ მთლიანად ამოავსო ის ადგილი, სადაც მინერალური წყალი იყო - ზოგმა მოასწრო ტყეში შესვლა, ზოგმა - არ ვიცი... ცოტა ხანში საშინელი ხმა მესმის, ძალიან დიდი მიწის მასა წამოვიდა... ათივემ მოვასწარით მანქანიდან გადმოსვლა, კოტეჯის მხარეს დავდექით... ის მიწის მასა ხიდს დაეჯახა და გაწყვიტა, ორი მანქანა წაიღო... შუა მეწყერში აღმოვჩნდით.“

ამის შემდეგ, როგორც ამბობს, თავის დისშვილთან ერთად, ზოგჯერ მუხლებზე და ხან ზურგზე ბავშვით შესმულმა გაიარა მეწყრული ზონა და სასტუმრომდე მიაღწია. 


„რომ მივხვდი, უკვე ყველაფერი კარგად იყო და მაშო (დისშვილი) გადარჩენილია, ახლა დანარჩენებზე ვფიქრობდი - ერთ-ერთს სასტუმროში, ტელეფონი გამოვართვი - ჯერ ჩემს დას დავურეკე, შემდეგ - ჩემს მეორე დას; არც ჩემმა სიძემ მიპასუხა - ბოლოს, დედაჩემის ნომერი ავკრიბე და მესამე ზარზე მიპასუხა, მითხრა, რომ ძალიან ცუდად იყვნენ, ისევ - მეწყრულ ზონაში, თუმცა გადარჩნენ,“ იხსენებს დავით ჯელაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.


სასტუმროდან ისევ სტიქიური უბედურების ეპიცენტრში დაბრუნდა თავისი ოჯახის წევრების გამოსაყვანად, თუმცა ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ვეღარ შეძლო, საბოლოო ჯამში კი, მთელი ოჯახი სამაშველო ოპერაციის შედეგად გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას.


შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის პირველ დღეს ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მეორე დღეს მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 5 აგვისტოს კი, მაშველებმა 6 დაღუპული ნახეს. 200-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური სამძებრო სამუშაოს განაგრძობს. მაშველები დაკარგულებს ისევ ეძებენ. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღეა.