თემურ მღებრიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, შემოვლითი გზებით არ სცადონ სტიქიის ზონაში შეღწევა, რადგან ეს „ძალიან საფრთხის შემცველია“

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ სამძებრო ოპერაციაში მოხალისეებად ჩაერთონ, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკაონ მსგავსი ქმედებისან, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ეპიცენტრში შემოვლითი გზით შეღწევა.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით, მსგავს სიტუაციებზე, ტაქტიკურ თუ ოპერატიულ დონეზე პასუხისმგებელია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით და აბსოლუტურად არ არის საჭირო, რომ შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეები, შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი.

არანაირი საჭიროება დღის წესრიგში არ დგას და თუ მაინც დადგა დღის წესრიგში მოხალისეების კომპონენტი, ჩვენ გვაქვს სპეციალური ბაზა მოხალისეების, რომელთა მობილიზებას მოვახდენთ ორგანიზებულად,“ - განუცხადა მედიას თემურ მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანში შეძლებენ მაშველები ყველა დაკარგულის პოვნას.


შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.