საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება აქტიურად მიმდინარეობს.
თემურ მღებრიშვილის თქმით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანში შეძლებენ დაკარგულების პოვნას.
„იცით თქვენ, რომ დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება და ის გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის პროცედურები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს და აქტიურად საძიებო სამუშაო მიმდინარეობს.
გზა ბოლომდე ჯერჯერობით გაყვანილი არ არის, თუმცა ძირითადი, დაახლოებით 70% გაყვანილია და პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამწუხაროდ, კოტეჯების ტერიტორიის დათვალიერება სრულად ჯერჯერობით ვერ მოესწრო, კიდევ და კიდევ ობიექტური მიზეზების გამო, რომელიც ხელს გვიშლის - ეს არის მიწის სქელი მასა. თქვენ იცით, რომ ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ, დაკვირვების ქვეშ და აქედან გამომდინარე, შეგნებულად არ ვჩქარობთ.
არის კონკრეტული ლოკაცია, სადაც ცალკეულად მუშაობს ტექნიკა, ცალკეულად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და მსგავსი არის 6 ლოკაცია ამ დროისთვის,“, - განუცხადა მედიას თემურ მღებრიშვილმა.
ამასთან, პარლამნტის თავვმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სტიქიის ზონაში ძებნის სამუშაო რომ იყოს უფრო ეფექტიანი, ორი სრულიად ახალი გზა მოეწყო.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.