ფილიპინები ჩინეთს მის გემებზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ფილიპინები ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის გემებზე წყლის ჭავლით თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ CNN წერს.

„ფილიპინების სანაპირო დაცვა (PCG) მკაცრად გმობს ჩინეთის სანაპირო დაცვის (CCG) სახიფათო მანევრებს და წყლის ჭავლის უკანონო გამოყენებას PCG-ის გემების წინააღმდეგ,“ - წერს სანაპირო დაცვა განცხადებაში. 


CNN  წერს, რომ ფილიპინების სანაპირო დაცვის გემები თან ახლდნენ გემებს, რომლებიც საზღვაო ქვეითთა ​​გარნიზონისთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადავო არქიპელაგის მახლობლად მდებარე კუნძულზე მარაგის მიწოდებას ცდილობდნენ. 

ჩინეთმა საპასუხოდ განცხადებით, ფილიპინები მისი წყლების ხელყოფაში დაადანაშაულა და საკუთარ ქმედებებს კანონის შესაბამისი უწოდა.

„ჩინეთის სანაპირო დაცვამ კანონის შესაბამისად ჩაატარა აუცილებელი კონტროლი და აღკვეთა ფილიპინების გემებით უკანონო სამშენებლო მასალების გადაზიდვა. მოვუწოდებთ ფილიპინურ მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამ საზღვაო ზონაში კანონდამრღვევი ქმედებები," - აღნიშნა ჩინეთის სანაპირო დაცვის სპიკერმა, გან იუმ.


ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფილიპინების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მოუწოდა ჩინეთს, პატივი სცეს ნავიგაციის თავისუფლებას.

ავსტრალიამ, იაპონიამ და გერმანიამ ჩინეთის ქმედებებს „საშიში“ და „დესტაბილიზაციის გამომწვევი“ უწოდეს.

ცნობისთვის, ზემოთ აღნიშნული კუნძული მანილის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაშია, რომელსაც ჩინეთი „რენაის რიფს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის მისი სუვერენული ტერიტორიაა.