მინისტრი ადრეული გაფრთხილების სისტემებზე 2018 წლის განცხადებას განმარტავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საუბრობს, რა გაკეთდა გარემოს დაცვის მიმართულებით, 2018 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ „2-3 წელიწადში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა იქნება.“

დავითაშვილის თქმით, დამონტაჟდა 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ასევე, ქვეყანაში 3 თანამედროვე რადარი მუშაობს, რომლითაც, საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით დაფარულია. „მაგალითად, შოვში ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, წარმოუდგენელი იყო გათვლა,“აღნიშნა დავითაშვილმა.

„დღეს გავრცელდა ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წელს გავაკეთე მესტიაში სტიქიური უბედურების დროს. ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში შეიქმნებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა და გვექნებოდა უკეთესი მონიტორინგი ჰიდრო მეტეოროლოგიური პროცესების.

ესეც გახდა სპეკულირების საგანი და გადაწყვიტეს, რომ ალბათ, პოლიტიკური ქულები დაეწერათ და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოეხდინათ თემის, რაც ასევე სამწუხაროა. ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის შეუსაბამოა.


მე, როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, მოვალედ ვთვლი თავს, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, რა სამუშაო ჩატარდა სახელმწიფოს მხრიდან 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და გაძლიერების კუთხით და რამდენად პირნათელი ვიყავით საზოგადოებასთან.

დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა, რაც არ უნდა სისტემები გავაკეთოთ, შეიძლება ტრაგედიები მოხდეს და ამისგან მსოფლიოში დაზღვეული არავინაა.


ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან დაცვა შეიძლება, ვერ მოვახერხოთ. მოისმინეთ სპეციალისტების განცხადებები, რომ რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით და გარდაუვალი შედეგი, ალბათ დადგებოდა. მაგრამ ქვეყანამ 2018 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, რაც უკავშირდებოდა გეოლოგიის საფრთხეების შესწავლას.

ყოველწლიურად გამოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სახელმწიფო უწყებებისთვის და ასევე შემდეგი პროექტების დაგეგმვის თვალსაზრისით. საქართველოში 2014 წლისთვის ფაქტობრივად ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები არ არსებობდა.

გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტად იყო. არცერთი მონიტორინგის სადგური არ დაგვხვდა. მთლიანად სისტემა იყო მოშლილი და არცერთი თანამშრომელი არ იყო ამაზე პასუხისმგებელი.


200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დავამონტაჟეთ, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირიდეთ წყლის მატებას. საქართველოში ათასობით მდინარეა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რისკზე დაფუძნებული შეფასების შესაბამისად.

გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს. ჩვენ შევაფასეთ 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გვაქვს. მაგალითად, შოვში ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, წარმოუდგენელი იყო გათვლა.


ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც დაკვირვების უბანი გვექნებოდა. ასევე, საქართველოში შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, დღეს სულ 3 თანამედროვე რადარი მუშაობს, რომლითაც საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით დაფარულია.

11 მდინარის აუზში ჩავატარეთ ბუნებრივი საფრთხეების კვლევები და ამის საფუძველზე გაკეთებულია რუკები. ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, როგორც წესი, ვაკეთებთ ხოლმე. ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, რათა ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები გაძლიერებულიყო და მონიტორინგის საშუალება ყოფილიყო. მაგრამ სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება, უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურების წინაშე.

ასეც მოხდა, ადამიანების მსხვერპლი მივიღეთ, ამას არაფერი გამოასწორებს. ტრაგედიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ასეთი თემებით სპეკულირება ამორალური და უპასუხისმგებლოა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ცნობისთვის, რომ 2018 წელს, ჭუბერის ხეობაში, მდინარე ნენსკრას აუზში მომხდარი სტიქიის დროს, იმჟამად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება.“