თემურ მღებრიშვილის თქმით, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, პოლიციამ თბილისში იპოვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება.

„ამდენი ნეგატივის შემდეგ, ერთი იმედის მომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია, გითხრათ. ცხელ ხაზზე და 112-შიც იყო დაფიქსირებული ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც იყო დაკარგულების სიაში. ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება.“


კითხვას, იმყოფებოდა თუ არა ზურაბ ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში, თემურ მღებრიშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით, ამ მიმართულებით კითხვები არსებობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„რაც შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელადაა. პოლიციამ აღმოაჩინა, ოპერატიული-სამძებრო სამუშაობის შედეგად თბილისში,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან.


შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი 8 აგვისტოს იპოვეს.

სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.