აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ნაწილობრივ ზღუდავს აშშ-ის ახალ ინვესტიციებს ჩინეთის ტექნოლოგიებში, მათ შორის იგულისხმება კომპიუტერული ჩიპები.
ბრძანება უფლებას აძლევს აშშ-ის ხაზინის მდივანს, აკრძალოს ან შეზღუდოს აშშ-ის ინვესტიციები სამ სექტორში: ნახევარგამტარები და მიკროელექტრონიკა, კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის გარკვეული სისტემები.
ბრძანება მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარება, რომლებიც ძირს უთხრის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა „ძლიერ უკმაყოფილოა" და აშშ-ის მოთხოვნას „მტკიცედ ეწინააღმდეგება.“
გამოცემა Bloomberg-ი მოსალოდნელი ბრძანების შესახებ 29 ივლისს წერდა.
როგორც დასავლური მედია წერს, დადგენილება გავლენას არ მოახდენს არსებულ ინვესტიციებზე და მხოლოდ აკრძალავს გარკვეულ ტრანზაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ნახევარგამტარებთან, ხელოვნურ ინტელექტთან და კვანტურ გამოთვლებთან.
Bloomberg-ის თანახმად, შეზღუდვები ძალაში მომავალ წელს შევა.