- აზერბაიჯანი უერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც განაღმვის სექტორში უკრაინელ ექსპერტებს გაწრთვნიან.
უკრაინული მედიის ცნობით, განაღმვის სფეროს ექსპერტები აზერბაიჯანიდან, უკრაინელებს მოამზადებენ. ამის შესახებ მედია უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის, სეიმურ მარდალიევის კომენტარზე დაყრდნობით წერს.
კიევში გამართულ შეხვედრაზე მარდალიევის ხელმძღვანელობით დელეგაციამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მსგავსი სწავლების ორგანიზება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბოჰდან დრაპიატისთან განიხილა.
„ჩვენი გამოცდილება თქვენთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. საუბარია არამხოლოდ ეროვნულ შესაძლებლობებზე, არამედ, საერთაშორისო მისიებზეც, რომლებშიც აზერბაიჯანი იყო ჩართული,"- განაცხადა მარდალიევმა.
აზერბაიჯანული მხარე ასევე დაჰპირდა უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს მექანიზებულ განაღმვის მანქანას.
აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ბაქომ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 15 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.
ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი.
აზერბაიჯანი, რომელიც იზიარებს რუსეთთან საზღვარს, ასევე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას მოსკოვთან.