DRI: „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე სოფლები პრაქტიკულად დაცლილია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარება შეისწავლა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები - განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება და გადასასვლელი საგუშაგოები მოინახულეს.

„ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ადგილობრივი ხელისუფლება ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთ დასახლებაში გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს და ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.

ამჟამად მოსახლეობის ძირითად პრობლემებს შორის ცენტრალური ადგილი ეკონომიკურ სიდუხჭირეს და სოფლების მოსახლეობისგან დაცლაზე წუხილს უჭირავს. საოკუპაციო ხაზთან არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების პრობლემებმა, როგორც ჩანს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრაქტიკული დაცლა გამოიწვია,“ - წერს ორგანიზაცია.


მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქიდან 25-კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში 600-ზე მეტი კომლია და 1,300 მოსახლე ცხოვრობს. გამყოფი ხაზი გალის რაიონის სოფელ ფიჩორსა და განმუხურს შორის გადის.

სოფლებს შორის არსებული „გადასასვლელი პუნქტი“ 2017 წლის მარტიდან აღარ ფუნქციონირებს. „საზღვრის“ უშუალო სიახლოვეს მცხოვრები სამი ოჯახის კარ-მიდამოს ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, ნაწილი კი- ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.


დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით, ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ, ქართული საგუშაგოების მხრიდან უსაფრთხოებაზე ზრუნვა და კონტროლი მკვეთრად შემცირებულია; ფაქტია, რომ 2021 წელთან შედარებით, ადგილობრივი საგუშაგოების მზაობა ან/და პრევენციული ღონისძიებები რუსული საგუშაგოებისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, მკვეთრად მოდუნებულია; გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, თითოეულ საგუშაგოზე მხოლოდ ერთი პირი მორიგეობს.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ საგუშაგოები ფორმალურია და შინაარსობრივად გაუქმებული, ვინაიდან საოკუპაციო ძალებისგან საფრთხეს თითქოს აღარ მოელიან; უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მსგავსი მოდუნება გაკვირვებას იწვევს,“ - წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.