სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში გამორიყულ ცხოველებს სრული წესების დაცვით დამარხავენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ კოორდინაციაშია სალიკვიდაციო სამუშაოში ჩართულ სტრუქტურებთან და სამსახურებთან. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ რაიმე ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე ან რისკი არ არსებობს.
დაღუპული ცხოველების დამარხვა სრული ვეტერინარული წესების დაცვით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოს ჩაატარებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც ზედამხედველი ორგანო, ჩართულია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად და ზედამხედველობას გაუწევს, რომ გამორიყული ცხოველები სრული წესების დაცვით დაიმარხოს,“ - განაცხადა ვასილ ბასილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.