ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ინტერვიუში განაცხადა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში შუა დერეფანი იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად და ამისთვის საჭიროა კრეატიულობა და სწრაფი მოქმედება.
„საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია.
ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. უნდა ვიყოთ კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება," განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს, ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში, მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით.
„ბევრი რამის ექსპორტი შეგვიძლია. ჩინეთში შეიძლება ქართული აგრარული პროდუქციის შემოტანა. ჩვენ ვაწარმოებთ ხარისხიან აგრარულ და სხვა საქონელს – ოქროს, სპილენძს და სხვ. შესაძლებლობები მრავალგვარია. თუ ბიზნესის მეტი წარმომადგენელი დაინტერესდა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ერა, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახლა დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში. დღეს შედგა ჩვენი ბიზნესფორუმი.
მე ქართული ბიზნესსაზოგადოების წევრები მახლავს ამ ვიზიტში. საუბარი მაქვს ქართულ კომპანიებზე. რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, ვრცელი პრეზენტაცია მქონდა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, შესახებ. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის კრიტერიუმების თანახმად, მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ.
ამასთანავე, საგადასახადო წნეხის სიმცირის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვართ, რადგან საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების რაოდენობა ჩვენთან ძალიან დაბალია, ბიუროკრატიის მაჩვენებელიც დაბალია, კორუფციის დონეც დაბალია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, 1-ელ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს. ამ ნიშნით მე-15 ადგილზე ვართ გლობალურად.
ყოველივე ეს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს ქვეყანას. უკვე ვახსენე, რომ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან.
მაგალითად, ევროკავშირთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვსარგებლობთ, რადგან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ევროკავშირთან. თეორიულად, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს – ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს – საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში. მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით.
საქართველოს სხვა მიმზიდველი ფაქტორებიც დავასახელე. ქვეყანას ჰყავს ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი მთავრობა. ჩემი მთავრობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულია, ძალიან გახსნილია. მაქსიმალურ მხარდაჭერას და კომფორტს ვუქმნით ჩინურ კომპანიებს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი და რკინიგზის მოდერნიზება, ახლა ვაპირებთ, დავიწყოთ ანაკლიის დიდი საპორტო პროექტი, განაცხადა ამავე ინტერვიუში ღარიბაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩინური კომპანიები მუშაობენ და საქართველოს მთავრობა მათი მუშაობით კმაყოფილია.
„საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი. ახლა ვაპირებთ, დავიწყოთ დიდი საპორტო პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია მაქვს მხედველობაში.
ყველა 9 ფაზის განხორციელების შემდეგ, მისი წარმადობა დაახლოებით 100 მილიონი ტონა იქნება. რა თქმა უნდა, ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზებას, რასაც ჩინური კომპანია ასრულებს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნულ მაგისტრალსაც ჩინური კომპანიები აშენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და ფასებიც კონკურენტული აქვთ. ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოში მათი მუშაობით,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
ამავე ინტერვიუდან: ირაკლი ღარიბაშვილი: გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია
შეგახსენებთ, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.