ზელენსკი: აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდოს

აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდოს, მათ შორის განაღმვის აღჭურვილობა, განაცხადა უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

მანვე აღნიშნა, რომ განაღმვითი სამუშაო პარტნიორებთან მუშაობის ერთ-ერთი მთავარი სფეროა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინის 174 000 კვადრატული კილომეტრი პოტენციურად საშიშია აუფეთქებელი ნაღმებისა და საბრძოლო მასალის გამო.


„რაც უფრო მეტი გამწმენდი მანქანა გვეყოლება, რაც მეტი სპეციალური გამწმენდი დრონი გვეყოლება, მით უფრო აქტიურად შევძლებთ უსაფრთხოების აღდგენას. მადლობა თითოეულ ქვეყანას, რომელიც გვეხმარება!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის მხრიდან დაგეგმილ ახალ დახმარებაზე ცნობილი 10 აგვისტოს გახდა.

უფრო კონკრეტულად, აზერბაიჯანელი ექსპერტები უკრაინელებს განაღმვის სფეროში წვრთნებს ჩაუტარებენ. 

ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის, სეიმურ მარდალიევის კომენტარზე დაყრდნობით წერდა.


იევში გამართულ შეხვედრაზე მარდალიევის ხელმძღვანელობით დელეგაციამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მსგავსი სწავლების ორგანიზება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბოჰდან დრაპიატისთან განიხილა.

„ჩვენი გამოცდილება თქვენთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. საუბარია არამხოლოდ ეროვნულ შესაძლებლობებზე, არამედ, საერთაშორისო მისიებზეც, რომლებშიც აზერბაიჯანი იყო ჩართული,"- განაცხადა მარდალიევმა.


აზერბაიჯანული მხარე ასევე დაჰპირდა უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს მექანიზებულ განაღმვის მანქანას.

აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ბაქომ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 15 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი.

აზერბაიჯანი, რომელიც იზიარებს რუსეთთან საზღვარს, ასევე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას მოსკოვთან.