გომელაურის თქმით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით, ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი. ამასთან, ძიების შედეგად იპოვეს მანქანა, რომელიც ცარიელია.  მინისტრის თქმით, მანქანის მეპატრონეები დაკარგულებად ითვლებიან და მიმდინარეობს მათი ძიება.

„თათბირი ჩავატარეთ, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა, დაახლოებით, 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიახლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო, ცარიელი იყო ეს მანქანა, თუმცა მისი პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. ეს რომ დამთავრდება დაიგეგმა შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, რა სამუშაოები - მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


რაც შეეხება იმას, თუ ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს მაშინ, როდესაც თავად სტიქიის ადგილზე არ იმყოფებოდა. მინისტრის განმარტებით, პროცესში ყველა ჩართული იყო, სტიქიის ზონასთან მისი მოადგილეები იმყოფებოდნენ, გადაწყვეტილებებს კი, თავად იღებდა.

„პირველივე წუთიდან ჩართული ვიყავი, ბატონი პრემიერიც, ყველა. ჩართული ვიყავი თუმცა 1000 კილომეტრის იქიდან ისე ვერ უხელმძღვანელებ, როგორც ადგილზე რომ ხარ. ჩემი მოადგილეები იყვნენ. ჩათვალეთ, რომ გადაწყვეტილებებს მე ვიღებდი.

მინისტრიც ჩამოსული იყო, პრემიერიც, ბევრი ადამიანი იყო ჩამოსული. სამსახურები იყვნენ, რომლებიც თავის საქმეს აკეთებდნენ, აუცილებელი არაა, ყველა ჩამოვიდეს,“ - განაცხადა შს მინისტრმა.


გომელაურმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

„ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება. მე, დაახლოებით, 9 წელია რაც თანამდებობაზე ვარ, ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული,“ - განაცხადა გომელაურმა.


როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილს აქვს ინიციატივა, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, შს მინისტრმა ასე უპასუხა: „შექმნან თვითონ ან არ შექმნან [საგამოძიებო კომისია] - რაც უნდათ, ის გააკეთონ, გამოსაძიებელი არაფერია.“