მალიარი: ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე, საერთო ჯამში, 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა, გასული კვირის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.

მალიარმა აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე, საერთო ჯამში, 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული.

მისივე თქმით, გასული კვირის განმავლობაში რუსული ძალები ცდილობდნენ დაებრუნებინათ დაკარგული პოზიციები კლეშეევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას მიმართულებებით.


უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეში სამხრეთ ფრონტზე და მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინ მიიწევენ.

„ამ კვირაში, უროჟაინოეს დასახლებულ პუნქტში ბრძოლა გრძელდებოდა, არის გარკვეული წარმატებები," - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მალიარმა ასევე განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს „გარკვეული წარმატებები" ჰქონდა სტარომაიორსკოეს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაც.


11 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები, რომლებიც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა გააანალიზეს, აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები წინსვლას აღწევენ უროჟაინოეს დასახლებისკენ, რომელიც დონეცკ-ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო ზონის გასწვრივ მდებარეობს.